ბრეგვაძე ატირდა: როგორ გაცოცხლდა ქართველი მომღერალი თავის ვაჟში

პოპულარული მუსიკალური პროექტის ჟიურის წევრები გაოცებული იყვნენ ნოდარიკოს მამასთან – გიო ხუციშვილთან მსგავსებით
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერლის გიო ხუციშვილის ვაჟმა, 34 წლის ნოდარიკო ხუციშვილმა გარდაცვლილ მამასთან ძლიერი მსგავსებით მეგა-პროექტი „მხოლოდ ქართულის" ჟიური და მსმენელი გააოცა.

პროექტი „მხოლოდ ქართული" ტელეკომპანია Rustavi2-ის ახალი მუსიკალური შოუა, რომელიც 2017 წელს დაიწყო. შოუს მთავარი მიზანია ქართული მუსიკის პოპულარიზება სიმღერების მხოლოდ ქართულ ენაზე შესრულების გზით.

მეორე სეზონის ჟიურის შემადგენლობაში შედიან ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე, პოპულარული შემსრულებლები ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია, პედაგოგი და ტელეწამყვანი მარინა ბერიძე, ასევე მუსიკოსი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი გიორგი უშიკიშვილი.

ორშაბათს პროექტის ეთერში დაიწყო ცოცხალი კონცერტების პირველი ტური. ის დიდი ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის ჯანსუღ კახიძის შემოქმედებას მიეძღვნა. ტურის უპირობო ლიდერი ნოდარიკო ხუციშვილი გახდა. მან ჟიურის უმაღლესი შეფასება – 119 ქულა მიიღო.

ხუციშვილმა შეასრულა „მუხამბაზი" კინოფილმიდან „რაჭა, ჩემო სიყვარულო". ნოდარიკოს სიმღერის მოსმენისას ჟიურის წევრები ცრემლს ვერ იკავებდნენ, აცრემლიანდა ნანი ბრეგვაძეც იმდენად მოაგონა შვილმა მამა – გიო ხუციშვილი, რომელიც ამ ზაფხულს გარდაიცვალა.

„ისე იმღერე, ჩემო საყვარელო ადამიანო, რომ ცრემლებიც კი მომადგა, არ გააფუჭე ეს სიმღერა, რაც მთავარია. შენ ისეთი მამის შვილი და ისეთი ბაბუის შვილიშვილი ხარ, რომ არ შეიძლებოდა სხვაგვარად. ისე მიყვარდა ორივე. გურამი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. მე და გურამმა ერთად დავიწყეთ კვარტეტში სიმღერა "გეპეიში". ძალიან მიხარია, რომ გაამართლე", – მიმართა ნანი ბრეგვაძემ ნოდარიკოს.

ბრეგვაძე ატირდა: როგორ გაცოცხლდა ქართველი მომღერალი თავის ვაჟში

როგორც თავად ნოდარიკო ხუციშვილმა აღნიშნა პროექტზე, მამის დამსახურებაა, რომ სწორედ ქართული მუსიკითაა დაკავებული. როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, იმასთან ერთად, რომ ნოდარიკო ძლიერ გვაგონებს მამას როგორც გარეგნობით, ისე შესრულების მანერითა და ხმით, მასში არის რაღაც თავისი, ორიგინალური და ინდივიდუალურიც.

პროექტ „მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული შერეული კენჭისყრით - ჟიურის წევრებისა და მაყურებლის შეჯამებული ქულებით გამოვლინდება. პრიზის სახით ის თბილისში ოროთახიან ბინას მიიღებს.

პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ქულა დააგროვა და უკვე დატოვა შოუ პირველმა კონკურსანტმა ვაკო კრაწაშვილმა.