თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 500 გრ ჰეროინის უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
საქართველოში პორტუგალიის მოქალაქემ 3 კგ-ზე მეტი კოკაინი შემოიტანა >>
უწყების მონაცემებით, 23 და 29 წლის ირანის მოქალაქეები თეირანიდან ჩამოფრენისას დააკავეს. ამოღებულია 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლებით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.