ბათუმში ორი მამაკაცი ჰოსტელის მობინადრეებს პოლიციელებად გაეცნენ და მათი გაძარცვა სცადეს

დაკავებულებიდან ერთი რუსეთის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარე ჰოსტელში ორი მამაკაცი შეიჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხევა რუსთაველის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც ჰოსტელში რვა სტუმარი იმყოფებოდა.

თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

თვითმხილველების განცხადებით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი მძარცველები ჰოსტელში შევიდნენ, მობინადრეებს პოლიციელებად წარუდგინეს თავი და მოსთხოვეს სასწრაფოდ გამოეჩინათ ნარკოტიკული საშუალებები და პირადი ნივთები. მძარცველებმა ერთ-ერთ ბინადარს მობილური ტელეფონი წაართვეს. ჰოსტელის მობინადრეებმა პოლიციის გამოძახება და ერთ-ერთი მარცველის დაკავება მოახერხეს. მეორემ გაქცევა შეძლო, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ისიც დააკავა.

„ორი პირი ერთ-ერთ სტუმარს თავს დაესხა და ასე შეაღწიეს შენობაში. ყვიროდნენ პოლიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო. ერთს მობილური წაართვეს. კორეელი სტუმრისთვის უნდოდათ „აიპადის" წართმევა, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია“, – განაცხადა ჰოსტელის მეპატრონე ირაკლი გლაზოვმა.

მისი თქმით, ერთი დაკავებული რუსეთის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.