ნიკა რურუა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ცხედარი საკუთარ ბინაში იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორაციით, მისი ცხედარი საკუთარ სახლში დღეს იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

რურუა 1968 წლის მარტში თბილისში დაიბადა.

2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის ტელე-რეჟისურის ფაკულტეტი.

2001 წელს რურუამ ჯორჯიის შტატის (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო.

პოლიტიკური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როდესაც იმ დროისთვის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის დეპუტატი გახდა. რურუა იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2008 წლის ოქტომბერში რურუა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გახდა. აღნიშნული თანამდებობა 2012 წლამდე ეკავა.

იგი ბოლო მომენტამდე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი.