კობახიძე: ხელისუფლების გეგმაშია მომზადება ინაუგურაციისთვის და 2020 წლის არჩევნებისთვის

კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობას" ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელოვნურად გამოწვევის რესურსი არ გააჩნია
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ემზადება პრეზიდენტის ინაუგურაციისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ასე უპასუხა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაერთიანებული ოპოზიციის ულტიმატუმს.

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ მიტინგს მართავს

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მიტინგზე კვირას ხელისუფლებისგან მოითხოვა, რომ პროტესტანტების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით 16 დეკემბერამდე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და აპირებს, სასამართლოს მიმართოს არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

„ჩვენ ვემზადებით ინაუგურაციისთვის, ასევე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასეთია ჩვენი დღის წესრიგი. დღეს დავინახეთ, რომ "ნაცმოძრაობას" არ აქვს არავითარი რესურსი, ქვეყანაში ხელოვნურად გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს დღის წესრიგს უნდა გავყვეთ. ველოდებით ინაუგურაციას და საპარლამენტო არჩევნებს", - განაცხადა კობახიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები 59,52%-ით მოიგო სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.