ახალქალაქის იუსტიციის სახლს არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალზე შეაფასებენ

საქართველოში იუსტიციის სახლები ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ახალქალაქის იუსტიციის სახლის შენობა, შესაძლოა, მე-13 საერთაშორისო ფესტივალის „არქიტექტურული პრემია 2018" გამარჯვებული გახდეს ნომინაციაში „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა".

იუსტიციის სახლი ახალქალაქში სამ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. ეს პროექტები იბრძოლებს ნომინაციაში გამარჯვებისთვის. გამარჯვებული 16 დეკემბერს გამოვლინდება.

„არქიტექტორთა საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციის საუკეთესო სამეულში მოხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ იუსტიციის სახლების ფილიალები არა მხოლოდ განსაკუთრებული ფუნქციის მქონე, არამედ არქიტექტურული თვალსაზრისითაც გამორჩეული ნაგებობებია", - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო: ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს „ვეფხისტყაოსანი" გადაეცემა

ახალქალაქის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. შენობა 2018 წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. ეს საქართველოში რიგით მეოცე სახლია.

იუსტიციის სახლში განთავსებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული ბიუროს ოფისები. ასევე ფუნქციონირებს ქორწინების დარბაზი, რომელიც ცალკე ფლიგელშია განთავსებული. უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქში ქორწინების პირველი სახლია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტურულ კონკურსზე წარმატებას აღწევს.

არქიტექტურულ კონკურსზე 2016 წელს წარდგენილი იყო თიანეთის იუსტიციის სახლი და ის 128 პროექტს შორის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

საერთაშორისო კონკურსი „არქიტექტურული პრემია" აჯილდოებს საუკეთესო პროექტებს ნომინაციებში: საზოგადოებრივი სივრცე, ინტერიერი, დიზაინი.