თბილისში წლის მთავარი კინომოვლენა იწყება

კვირის განმავლობაში ქართველი კინომანები კინემატოგრაფის მსოფლიო საუკეთესო სიახლეების ნახვას შეძლებენ
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს კინოთეატრ „ამირანში" რეჟისორ ნინო ჟვანიას ფილმი „აღლუმი" გახსნის, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფილმი მოგვითხრობს ბავშვობის სამ მეგობარზე: ქუჩის მხატვარზე, მექალთანე მსახიობსა და კრიმინალურ ავტორიტეტზე, რომელიც ახლახან გამოვიდა ციხიდან. მთავარ როლებს ასრულებენ გუგა კოტეტიშვილი, არჩილ ქიქოძე და გოგა პიპინაშვილი.

ფესტივალზე, რომელიც 9 დეკემბრამდე გაგრძელდება, გაიმართება უამრავი კინოჩვენება, შემოქმედებითი შეხვედრა მსახიობებთან და რეჟისორებთან.

ქართულ კინოს ჩიკაგოში აჩვენებენ

მთავარი პრიზების - „ოქროს პრომეთესა" და „ვერცხლის პრომეთეს" მფლობელები 8 დეკემბერს დასახელდებიან. მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს ათი კინოდებიუტი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ერთი ქართული ფილმია - გიგიშა აბაშიძის „მეზობლები".

საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარეა ლიეტუველი რეჟისორი რაიმუნდას ბანიონასი. ფესტივალის საპატიო სტუმარია ცნობილი ბრიტანელი კინორეჟისორი, მხატვარი და მწერალი პიტერ გრინუეი, რომელიც კინოფორუმის ფარგლებში მასტერ-კლასს ჩაატარებს.

ფესტივალს დახურავს რეჟისორისა და სცენარისტის, რუპერტ ევერეტის „ბედნიერი პრინცი", რომელიც ინგლისელი მწერლისა და პოეტის ოსკარ უაილდის ცხოვრების ბოლო დღეებზე მოგვითხრობს.

ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება. კინოფესტივალის ჩვენებების დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე" უკვე მეცხრამეტედ ატარებს. ფესტივალის მხარდამჭერი არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი, ასევე თბილისის მერია. კინოფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილია მსოფლიო კინემატოგრაფის სიახლეები.