რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა დედას სცემა

შვილმა მოხუც დედას ფული სთხოვა, უარის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთავში 69 წლის ქალს შვილმა სცემა, იუწყება სააგენტო Inforustavi.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მოხუც დედას ფული სთხოვა, უარის შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

საქართველოში ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი გამკაცრდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 69 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას  სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომლის დასაძლევად საქართველოს პარლამენტმა პარასკევს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ახალი კანონი ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.