კახეთში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დამნაშავეებს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ შემთხვევაში, 22 წლის ბრალდებულმა სოფელ ვაქირის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობიდან კომპიუტერები და ქსეროქსის აპარატი მოიპარა.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მეორე შემთხვევაში, სამართალდამცველებმა ქალაქ წნორში ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სიღნაღში 58 წლის დამნაშავემ ქალაქ წნორში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა საოჯახო ნივთი მოიპარა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.