საქართველოს პრეზიდენტი სამხედროებს გამოემშვიდობა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედოებს სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრა გამართა ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან და სამშობლოს სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ასე არ უნდა იყოს" - საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების ხარისხს აკრიტიკებს >>

შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი ეროვნული უშიშროების საბჭო იყო, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების ყოველწლიური შეკრების ფარგლებში გაიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ამ მშვენიერი ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმ მრავალი სირთულისა და გაჭირვების, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე, უზარმაზარი პატივი იყო ვყოფილიყავი თქვენი თანამებრძოლი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; იმ შეიარაღებული ძალებისა, რომელიც ასახელებს ჩემს სამშობლოს საერთაშორისო მისიებში და იმ ტრაგიკულ დაპირისპირებებში, რომელიც ჩვენ გვქონია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის უფლებები და მოვალეობები

სახელმწიფოს მეთაურმა სამხედროებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„თქვენ ხართ ამ ქვეყნის სიამაყე! სიამაყე, რომელიც არ მოსულა იოლად, არ მოსულა უსისხლოდ, არ მოსულა მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, არ მოსულა სიმწრის გარეშე. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სამსახური სამშობლოს მიუძღვნეს, რომელსაც სამწუხაროდ, არ ჰყავს სუსტი მტერი და მტრები“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა 112 სამხედრო მოსამსახურე (სიკვდილის შემდეგ).

ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (Resolute Support) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მარგველაშვილმა ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა.

ზურაბიშვილი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას არ აპირებს >>

რომელ ქვეყანაში განახორციელებს ზურაბიშვილი პირველ ვიზიტს

მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასასრულს უახლოვდება. სავარაუდოდ, ის თავის უფლებამოსილებას ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემს 16 დეკემბერს, ამ დღეს უნდა ჩატარდეს ინაუგურაცია.

ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერდა, ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 59,52%-მა მისცა ხმა, ხოლო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს - 40,48%.