საქართველოში ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი გამკაცრდა

ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პარასკევს მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარდგა.

მოზარდების მკვლელობის საქმე - პარლამენტმა რეკომენდაციები მიიღო

ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომლის დასაძლევად ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების არსებობაა აუცილებელი, ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. მიუხედავად ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის საკმარის ყველა საჭირო ინსტრუმენტს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ შეიცავს. სწორედ ამით არის განპირობებული აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება.

ახალი კანონი ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება გახდა და შესაბამისი სანქცია გამკაცრდა.

გარდა ამისა, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ქალებს ძირითადად ახლობლები კლავენ: გაეროს ანგარიშის საინტერესო დეტალები

კანონპროექტი ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანასთან და წამების მუქარასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

კანონპროექტი აგრეთვე აწესრიგებს არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობასთან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მომხსენებლის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ დოკუმენტს რაიმე სახის ცვლილება არ განუცდია.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის შესახებ" („სტამბულის კონვენცია"). დოკუმენტი ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ასევე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას.

თავდასხმა ბათუმის კაზინოში: ერთი ქალი მოკლეს, მეორე დაჭრეს

2017 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის 2,1 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 58%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მთლიან მაჩვენებელს უტოლდება. კერძოდ, გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2 804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა — 1 933 პირის მიმართ. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის ექვს თვეში დაკავებულია 1 328 პირი.

რაც შეეხება მსხვერპლთა დაცვის მიზნით გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის ექვს თვეში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 3292-ს უტოლდება, რაც ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემებს.