ზახაროვა: „დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ყველაფერს ართულებს"

მარია ზახაროვა მცირე კომენტარით შემოიფარგლა კითხვაზე პასუხისას, თუ რას უნდა ელოდოს რუსეთი საქართველოს ახალი პრეზიდენტისგან
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თბილისის გადაწყვეტილებას მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ „კოლოსალური შეცდომა" უწოდა.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების საკითხში. რუსეთი არ ყოფილა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ეს საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებული კოლოსალური შეცდომა იყო, ამასთან, გვესმის, რომ საქმის ასეთი მდგომარეობის გამო ორი სახელმწიფოს ხალხები იტანჯებიან", - განაცხადა ზახაროვამ.

მოსკოვმა საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების შედეგები შეაფასა

მისი თქმით, ხალხებს შორის გრძელდება კულტურული დიალოგი, ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარული კავშირები, მაგრამ „ეს ძალიან რთულდება სახელმწიფოებს შორის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო".

ზახაროვამ არ უპასუხა კითხვას, თუ რას უნდა ელოდოს რუსეთი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც 2004-2005 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საგარეო უწყების ხელმძღვანელი იყო.

„ის (ზურაბიშვილი) საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ამ მხრივ კარგად არის ცნობილი. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ველოდოთ - ეს კითხვა რუსეთის საგარეო უწყების მიმართ არაა", - აღნიშნა ზახაროვამ.

უფრო ადრე, ტელეარხ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, „არ მგონია, რომ დღესდღეობით თანამშრომლობაზე გადასვლა შესაძლებელია".