ძლიერი ქარის გამო ქუთაისში მამაკაცს ხე დაეცა

ქალაქის ძველ უბნებში შენობის სახურავებიდან დამსხვრეული შიფერი, ხეებიდან კი ტოტები ცვივა.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა, იუწყება ქართული მედია.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოხდა. ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ძლიერი ქარი, რომელიც დღეს ამოვარდა ქუთაისში, ქალაქის ძველ უბნებში შენობებს სახურავებს ხდის და ხეებს გლეჯს. ქარმა ასევე წააქცია ხე ახალგაზრდობის გამზირზე. გარდა ამისა, დაზიანებულია სარეკლამო ბანერებიც, რამდენიმე ქუჩაზე კი ჩამოყრილია ელექტროსადენები.