ვინ ისროლა „ნაცმოძრაობის“ ოფისთან ლაგოდეხში – პოლიცია საქმეს იძიებს

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელის, გურამ კაკალაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ისროლეს.
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

 „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელის, გურამ კაკალაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ისროლეს.

„ეს არ არის უბრალო ინციდენტი, ეს ოფისის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. სამი ტყვიაა ნასროლი. პოლიცია ადგილზეა და ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება“, – განაცხადა გურამ კაკალაშვილმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსთავში საარჩევნო უბნის მინები ჩაამსხვრიეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ., რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა.

შსს–ს ცნობით, აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ზურაბიშვილი ლიდერობს: ცესკომ ბიულეტენების ნახევარზე მეტი დაამუშავა>>

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი.