შოკი და სიხარული: რეაქცია არჩევნების შედეგებზე სოციალურ ქსელებში

ამომრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ემოციების მთელი სპექტრი განიცადა
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარმა შედეგებმა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ქსელის - Facebook-ის მომხმარებელში არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია.

ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უჭერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ხმების 59,52%-ით იმარჯვებს. მის კონკურენტს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ხმების 40,48% აქვს.

„ეს გამარჯვება არის ხალხის გამარჯვება, ანუ ჩვენი გილოცავთ", - წერს Daji Shelegia.

„ეს გამარჯვება ეკუთვნის ხალხს, გილოცავთ! მიხარია, რომ მეც, ჩემი ოჯახით, ერთი პატარა აგური დავდე ამ გამარჯვებაში", - დაწერა Khatuna Kekelia-მ.

მაგრამ ყველას არ უხაროდა. ვიღაცას ზურაბიშვილის გამარჯვებამ პიროსის გამარჯვება გაახსენა, რომელმაც მოიგო ბრძოლა რომაელებთან, მაგრამ უდიდესი დანაკარგის ხარჯზე და ეს მარცხის ტოლფასი იყო.

„ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა პიროსის გამარჯვება... ამ გამარჯვებამ მხოლოდ შეიძლება შეანელოს „ქართული ოცნების" პროგრესირებადი დამბლა, მაგრამ შინაარსობრივად სურათს ვერ შეცვლის", - დაწერა Giorgi Khatiashvili-მა.

არიან ისეთებიც, რომლებიც ულოცავენ ზურაბიშვილს გამარჯვებას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ესაქართველოს არაფერ კარგს არ მოუტანს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება - დათვლილია ხმები ყველა უბნიდან

„მოვიგეთო! უხარიათ... კარგია გამარჯვება! ქვეყანამ რა ქნა? ქვეყანას გაუფორმდა ფეოდალიზმი... არადა, ლამის პირველად გვქონდა შანსი, ხელისუფლება სხვადასხვა ხელში ყოფილიყო. ახალ პრეზიდენტს ვულოცავ. საქართველს პრეზიდენტია, ჩვენი პრეზიდენტია. არა აქვს მნიშვნელობა ჩემს პირად მოლოდინებს, წარმატება გამიხარდება, ცუდი მეწყინება... ოღონდ წარმატება როგორ იქნება, თუ მართლა დამოუკიდებელი არ გახდა?", - დაწერა Tornike Berishvili-მა.

ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგზე „ამომრჩევლის მოსყიდვა" აისახა (ლაშა ბერულავა), ზოგისთვის ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იყო დამოუკიდებელი კანდიდატი - ყველაფერს მის ნაცვლად „ქართული ოცნება" წყვეტდა.

„უნდა ვაღიაროთ. სალომე ზურაბიშვილი მართლაც არის ყველაზე დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი მსოფლიო არჩევნების ისტორიაში. თვით საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიაც კი მისგან დამოუკიდებლად წარმართეს", - წერს Zurab Davitashvili.

იყო ძალიან ხისტი კომენტარებიც.

„შოკირებული ვარ დღევანდელი არჩევნების შედეგებით!!! რას ჰგავს ჩვენი ქვეყანა და რას დავამსგავსეთ!!! ამისთვის არ მიბრძოლია 2012-ში, რომ ისევ ქურდები და ნარკომანები დაეპატრონონ ჩვენს ქვეყანას!!! კარტოფილზე და ტომარა ფქვილზე გამყიდველი ხალხი გულის ამრევია!!! ღირსება, ნამუსი სად გაასხვისეთ?!", - წერს Lela Tamar Samushia.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.