ნავენახევის მღვიმე დამთვალიერებელს ელის

პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 980 ათასი ლარი გამოიყო
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თერჯოლაში ნავენახევის მღვიმე ახალი ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურით მოეწყო, ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

მღვიმესთან ახლოს ვიზიტორებისთვის აშენდა ცენტრი, კაფე და სუვენირების მაღაზია, ცალკე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე. მღვიმეში დამონტაჟებულია თანამედროვე განათება, მოწყობილია ეკო-ტურისტული ბილიკი.

მღვიმის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ნავენახევის ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

„რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსებას და ეკოტურიზმის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ვინაიდან ეკოტურიზმის განვითარებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო, ტურისტებისთვის დაიკეტა.