მედიატორი, შუამავალი და არბიტრი: როგორ ხედავს თავს პრეზიდენტად ზურაბიშვილი

ყველა შეძლებს მომმართოს თავისი კითხვებით – საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური, განაცხადა კანდიდატმა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, აცხადებს, რომ არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში იქნება დამოუკიდებელი პრეზიდენტი და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ზურაბიშვილთან ერთად პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებს გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი", ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი.

„მე ვიქნები ყველას პრეზიდენტი. ყველა შეძლებს მომმართოს თავისი საკითხებით, სოციალური იქნება ეს, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური (არა - პარტიული). მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის განცდას შექმნის. ჩემგან არავინ არ მიიღებს არც შეურაცხყოფას და არც მოუთმენლობას. მე ყველას მიმართ პატივისცემით ვიქნები", – განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

კანდიდატის თქმით, სახელმწიფოს მეთაური შუამავალი უნდა იყოს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის.

„პატრიოტებმა“ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს

„დღეს პრობლემები მარტო ჩვენ არ გვაქვს, არამედ მთელ მსოფლიოშია. ესაა პრობლემა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგისა და ურთიერთგაგებისა. ხელისუფლება ჩართულია თავის ყოველდღიურ საქმიანობაში, კრიზისის დაძლევა და ა.შ. ხოლო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ ესმის მისი ტკივილი და შეშფოთება. პრეზიდენტის როლია – იყოს მედიატორი, შუამავალი და არბიტრი. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტს სახელმწიფოებრივი ვალდებულების გრძნობა უნდა ჰქონდეს", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ის ამტკიცებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება. მისი თქმით, ის დამოუკიდებელია 16 წლიდან და ახლა, 66 წლისას ვერავინ აიძულებს, რომ უღალატოს თავის პრინციპებს.

„მე ჩემი კანდიდატურა მხოლოდ ჩემი საკუთარი გადაწყვეტილებით წამოვაყენე და მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ჩემგან დამოუკიდებლად მიიღო მას შემდეგ, რაც ყველაფერი აწონ-დაწონა. ასე რომ, მე არანაირი პირობა („ქართული ოცნებისთვის") არ მიმიცია", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.