აჭარის ხელისუფლება პირველად ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციებს დააფინანსებს

ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების ფასი საქართველოში 30 ათასი დოლარიდან იწყება
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა 2019 წელს პირველად დააფინანსებს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციებს, ნათქვამია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ პროექტს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში იწყებს.

რა შეღავათები იგეგმება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის >>

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ორი სახეობა არსებობს: ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია (საკუთარი უჯრედების გადანერგვა) , რომელიც 80 000 ლარი ღირს და ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია (დონორის ძვლის ტვინის გადანერგვა) - 150 000 ლარი.

2018-2019 წლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობისთვის დაახლოებით 5,3 მილიონ ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება რადიოაქტიური იოდის თერაპია, ქომიო და სხივური თერაპიის თანაგადახდა, ძვირადღირებული მედიკამენტების და გამოკვლევების დაფინანსება და სხვ.