თბილისში ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

მუზეუმში 19 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება, მათ შორის სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური არტეფაქტები და ანთროპოლოგიური მასალები
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. დღეს თბილისში ქართული მედიცინის ისტორიის განახლებული მუზეუმი გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მუზეუმი, რომელიც 1963 წელს დაარსდა, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზას წარმოადგენს.

თბილისური მუზეუმების იშვიათი ფონდები და რარიტეტული ექსპონატები: ამოირჩიეთ და ესტუმრეთ

მუზეუმის კოლექციაში 19 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება — სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური არტეფაქტები და ანთროპოლოგიური მასალები. გარდა ამისა, ფონდში დაცულია ცნობილი ქართველი მედიკოსების პირადი არქივები და რარიტეტული სამედიცინო ლიტერატურა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მედიცინის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს  დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა კონსტრუქციის თაღები და მოეწყო საცავი. ასევე, აღდგენილია შენობის ეზოც.

მუზეუმის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 625 ათას ლარზე მეტი გამოიყო.