ველობილიკები და ბასლეინები: მერიამ თბილისში მასშტაბური პროექტი დაასრულა

თბილისის მერია დედაქალაქში, სადაც ეს შესაძლებელია, მწვანე სივრცის გაფართოებას აპირებს.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. თბილისში მერაბ კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების რემონტისა და სრული მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა და მოეწყო სანიაღვრე ქსელები. შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი, თანამედროვე ტიპის ბოძები LED სანათებით.

თბილისის 2019 წლის მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პრიორიტეტები – რაზე დაიხარჯება თანხები

„ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყო, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს კომფორტული და სწრაფი. შშმ პირებისთვის კი ადაპატირებული ჩამოსასვლელები გაკეთდა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერის თქმით, გზაგამყოფები, რომლებიც მთლიანად ბეტონის ფილებით იყო გაკეთებული, ახლა გამწვანდა.

„ზოგადად მიდგომა შევცვალეთ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. სადაც შესაძლებელია, გვინდა მწვანე სივრცეები გავაკეთოთ. აღნიშნულ მონაკვეთზე დაახლოებით 200 ძირი ხე-მცენარე განთავსდა“, – აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მოეწყო ველობილიკი, რომელიც კოსტავა–შარტავას ქუჩებს პეკინის გამზირს აკავშირებს. ტროტუარებზე დამონტაჟდა სკამები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 მლნ ლარი დაიხარჯა.