საბავშვო ევროვიზია 2018: როგორ მივცეთ ხმა ონლაინ–რეჟიმში ჩვენ წარმომადგენელს

„საბავშვო ევროვიზიაზე“ საკუთარი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა ინტერნეტის საშუალებით კონკურსში მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. სიმღერის მე-16 საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2018“ საქართველო საკუთარი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემას ონლაინ–რეჟიმში 23 ნოემბრის 23:00 საათიდან (თბილისის დროით) შეძლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საბავშვო ევროვიზია 2018: საქართველო მეცამეტე ნომრით გამოვა>>>

„საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს მე-13 ნომრით თამარ ედილაშვილი წარადგენს, რომელიც ფინალში შეასრულებს სიმღერას „შენი ხმა“.

„კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია junioreurovision.tv-ს მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მიეცით სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენ ქვეყანას თქვენივე ქვეყნიდან“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. 

საბავშვო ევროვიზია 2018: ქართველმა მონაწილემ „მინსკი–არენა“ მოსინჯა და ლუკაშენკოს შეხვდა

როგორც იქვეა აღნიშნული, ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ 15 წუთით განახლდება.

„საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50%-ს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50%-ს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.

2018 წელს კონკურსის მონაწილეთა რაოდენობა რეკორდულია – მასში 20 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. წელს მისი დევიზია #lightUp („დაანთე ცეცხლი“). საქართველო სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) გახდა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული.