ოპოზიციონერის დაჭრის საქმე: შსს განმარტავს

ბრალდებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის" ონის  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დაჭრა  22 ნოემბერს პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შსს–ს ცნობით, ბრალდებულის დაკავება დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში,  მათ შორის თვითმხილველების ჩვენებების საფუძველზე მოხდა.

„ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება კონფლიქტის დეტალების შესახებ ცალკეული პირების მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აქტივისტება პოლიტიკური მოტივით ჩაიდინეს. მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

შსს-მ ოპოზიციონერის დაჭრის საქმე გახსნა>>

სამართალდამცველების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 1965 წელს დაბადებული ბრალდებული 22 ნოემბერს, ღამის საათებში მივიდა მეგობართან გასაღების გამოსართმევად. ბრალდებული ქუჩიდან ხმამაღლა ეძახდა მეგობარს. აღნიშნულ ხმაურზე იქვე მეზობლად მცხოვრებმა ნოდარ ბურდილაძემ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოიხედა და ხმაურის გამო შენიშვნა მისცა ბრალდებულს, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გაღიზიანდა.

საგარეჯოში მამაკაცი საკუთარ სახლში დაჭრეს- დაკავებულია ერთი პირი

მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნოდარ ბურდილაძეს ბრალდებულმა დანით სამი ჭრილობა მიაყენა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დაზიანების ხარისხის და მიყენების მექანიზმის დასადგენად.

სამართალდამცველებმა  კ. ი. მომხდარიდან მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მალევე დააკავეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში ფიგურირებს ფაქტის შემსწრე, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, ხოლო დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება“, –აღნიშნულია სამინისტროს განხცადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.