თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიცრუეში დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება დააბრალეს.
ყალბი საბუთები და „კარუსელები“ - პროკურატურამ გამოძიება დაიწყო >>
არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ გამოაქვეყნეს განცხადებები, რომელთა საფუძველზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. არასამთავრობოები ეყრდნობიან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვინმე თანამშრომელს, რომელმაც მათ თითქოსდა უწყების მიერ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ უამბო.
ადამიანის თქმით, რომლის ვინაობა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა პროკურატურაშიც კი არ დაასახელეს, ეს საჭიროა არჩევნების გასაყალბებლად სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს. მეორე ტური 28 ნოემბერს შედგება.
„საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
მაგრამ, მისი თქმით, მომხდარის სხვა ვერსიაც არსებობს.
„ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კალაძე საქართველოში არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს უხმობს >>
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები სკანდალის ჩაფარცხვას ცდილობენ. მათ უკვე „ტონი შეცვალეს“ და საუბრობენ არა ფაქტზე, არამედ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე.
„ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან არის ტყუილი და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობები, რომ მათივე თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს, მაგრამ ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ გამოძიება გაგრძელდეს, რათა ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო ნათელი და აშკარა გახდეს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანი ამტკიცებს, რომ მსგავსი განცხადებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდეს.
„წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ან ეს წყარო არ არსებობს, ან თუ არსებობს, უბრალოდ მატყუარაა, რაც არის სამწუხარო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ისინი აღმოჩნდნენ ურთულეს მდგომარეობაში, რადგან მათ ათქმევინეს ტყუილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მსგავსი ტყუილი, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს ზიანს აყენებს.
„ნებისმიერი ასეთი ტყუილი, რომელიც ურტყამს სახელმწიფო ინსტიტუტს, საარჩევნო სიას, რომელიც არის ყველაზე უფრო ზუსტი და დახვეწილი, რაც კი ოდესმე ყოფილა, რადგან ჩვენ ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო დაზუსტებულ სიას ვაწვდით ცესკო-ს და ცესკო ყოველ არჩევნებზე კიდევ უფრო და უფრო მაღალი პროფესიონალიზმით ატარებდა არჩევნებს, როდესაც შენ ამ ინსტიტუტებს ურტყამ ტყუილით, რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყანას“, – აღნიშნა წულუკიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ „გამოყენების ან გასაღების მიზნით ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დამზადების“ შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„ცივი შხაპი“ მმართველი პარტიისთვის – ივანიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაფასა
გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, რომელსაც ყალბი დოკუმენტების დამზადების პროცესის ხელმძღვანელობა დააბრალეს, არ გამორიცხა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.