საბავშვო ევროვიზია 2018: ქართველმა მონაწილემ „მინსკი–არენა“ მოსინჯა და ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო სასიმღერო კონკურსის ფინალში გამოსასვლელად აქტიურად ემზადება
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა თამარ ედილაშვილმა პირველი რეპეტიცია გაიარა „მინსკი–არენას" სცენაზე, სადაც 25 ნოემბერს მე–16 საერთაშორისო სასიმღერო კონკურსის, საბავშვო ევროვიზია 2018–ის ფინალი გაიმართება.

თამარი რეპეტიციაზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მის უკან, დიდ ეკრანზე გადიოდა ღამის თბილისის კადრები.

„შენი ხმა“ - თამარ ედილაშვილის კლიპი საბავშვო ევროვიზია 2018-სთვის

მინსკში დაიწყო „ევროკვირეული“: უახლოეს დღეებში კონკურსის მონაწილეები არა მხოლოდ გაძლიერებულ რეჟიმში გაივლიან რეპეტიციებს და მოემზადებიან შოუსთვის, არამედ გაეცნობიან ბელარუსის კულტურასა და ისტორიას.

საბავშვო ევროვიზიის მონაწილეები გუშინ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის რეზიდენციაში მიიღო. სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ საბავშვო ევროვიზიაზე „მხოლოდ უძლიერესი“ გაიმარჯვებს, რადგან ქვეყანა „თავისი პატიოსნებითა და სამართლიანობით“ გამოირჩევა.

საქართველოს წარმომადგენელი ფინალში მე–13 ნომრად გამოვა. წელს კონკურსის მონაწილეა რეკორდული – 20 ქვეყნის წარმომადგენელი. წელს კონკურსის დევიზია #lightUp („დაანთე ცეცხლი“).

ცამეტი წლის თამარ ედილაშვილი პირველი არხის ეროვნული საბავშვო ვოკალური პროექტის „რანინას“ გამარჯვებულია. საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს სიმღერით „შენი ხმა". საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ხოლო ტექსტი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

ედილაშვილი შარშან ქართული X Factor-ის ნახევარფინალისტი გახდა. მან ფინალში გასვლა ვერ შეძლო და კატეგორია „ბავშვებში" გამარჯვება მის ძირითად კონკურენტ გრიგოლ ყიფშიძეს დაუთმო. ედილაშვილს გამარჯვებამდე ხმების რამდენიმე პროცენტი დააკლდა.

2017 წელს სწორედ გრიგოლ ყიფშიძემ წარადგინა საქართველო „საბავშვო ევროვიზიაზე", სადაც მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსზე პირველი ადგილი რუს კონკურსანტ პოლინა ბოგუშევიჩს ერგო.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული სამჯერ გახდა — 2008, 2011 და 2016 წლებში.