მიხეილ გიორგაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევა 17 ნოემბერს სოფელ ნაფარეულთან მოხდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიხეილ გიორგაძე კომაშია

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს სოფელ ნაფარეულთან ავტოავარიაში მოყვა და მრავლობითი მოტეხილობებით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. გიორგაძე საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სამი დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

გიორგაძე თურქეთში ამერიკულ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, გიორგაძე ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის მუხლით "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა".

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამ ზაფხულს გახდა. 2014 წლის 23 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იყო, 2017 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე კი კულტურისა და სპორტის მინისტრი.