თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა შეისწავლის ხელისუფლების ინიციატივას ე.წ. შავ სიაში შეყვანილი მოქალაქეების ვალების დაფარვის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საბანკო დავალიანებას იმ მოქალაქეებს დაუფარავს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან მოხვედრილი. საუბარია მილიარდ-ნახევრამდე ლარის დავალიანებაზე. ვალი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით დაიფარება, რომლის დამფუძნებელია ყოფილი პრემიერი, მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
ფინანსთა მინისტრი: „შავ სიაში" მყოფთა ვალებს ფონდი „ქართუ" დაფარავს>>
იმავე დღეს ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთავრობის ეს ინიციატივა საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურის წინ შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.
„ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს, შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნეს პროკურატურაში.
ვალების ჩამოწერა შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია ვერ იხდიან ბანკების ან სხვა ფინანსური ორგანიზაციების ვალებს. ამასთან, ბანკების ვალი 2 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს (პროცენტებისა და ჯარიმების გაუთვალისწინებლად).
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდება. მეორე ტურში გავიდა ორი კანდიდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.