აბასთუმანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაჩნდება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ ერთი ფეშენებელური სასტუმრო კომპლექსი აშენდება.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. აბასთუმანში უმაღლესი კლასის Autograph Collection Hotels-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის განცხადებაში.

სპა ქართულად: ექსპერტებმა ქართული ბალნეოლოგიის პრობლემები განიხილეს>>>

Autograph Collection Hotels-ი სასტუმროების ქსელია, რომელიც Marriott International-ის ჯგუფს ეკუთვნის. სასტუმროში იქნება 140 ნომერი, სპა-ცენტრი, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და ტერასა პანორამული ხედით.

აბასთუმანში წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 10 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, მისი საერთო სამშენებლო ფართი კი 25 ათასი კვადრატული მეტრია.

შენობის არქიტექტურა უნდა შეესატყვისებოდეს არსებულ ლანდშაფტს და მოსაპირკეთებელ მასალად ძირითადად მინის, ხისა და ქვის ფაქტურები იქნება გამოყენებული.

ამ დროისთვის სასტუმრო მშენებლობის საწყის ეტაპზეა და ის პირველი სტუმრების მიღებას 2020 წლიდან შეძლებს.

პროექტის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია. პროექტზე, რომლის ინიციატორი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდია, House Art-ის არქიტექტურული კომპანია მუშაობს.

ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილმა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა" დააფუძნა, რომელიც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს.