ვაკეში გამწვანების აქცია ჩატარდა

მერიის განცხადებით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში ბუჩქების გარდა, სამ მეტრზე მაღალი 6 000 ძირი ხე ირგვება
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე გამწვანების აქცია ჩატარდა, რომელშიც მოქალაქეებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდა, იუწყება თბილისის მერია.

კამპანიის - „გაუფრთხილდი ქალაქს - გაამწვანე თბილისი“ ფარგლებში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის 2500-მდე ბუჩქი დაირგო, მოწესრიგდა სარწყავი სისტემა. გამწვანების თარგებზე ასევე, რულონური ბალახის საფარი დაიგება. აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წელია არ განხორციელებულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია - „გაამწვანე თბილისი“, რომლის ფარგლებში, ქალაქში ხე-მცენარეები ირგვება. ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება. გაზაფხულზე აქცია მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის პარკები, სკვერები, ახალი საქალაქო პარკების შექმნა. რა თქმა უნდა, მწვანე სივრცეები ზოგადად, ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მსგავსი ტიპის სამუშაოები, რომელიც მომავალში მოგვცემს შედეგს და ჩვენი ქალაქი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ინფორმაციით, უკვე გამწვანდა კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები, წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და პეკინის გამზირზე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

„თბილისის მასშტაბით, სულ 7 000 ბუჩქი ირგვება. მარადმწვანე, დეკორატიული ბუჩქების სახეობები თბილისის ლანდშაფტისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში ბუჩქების გარდა, სამ მეტრზე მაღალი 6 000 ძირი ხე ირგვება“, – აღნიშნეს მერიაში.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილეებმა მაია ბითაძემ და სოფიო ხუნწარიამ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა მიიღეს.