თბილისის საკრებულოს დეპუტატ თემურ გორგაძეს ექვსი წლით პატიმრობა შეეფარდა

კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი 28 თებერვალს დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის საკრებულოს დეპუტატ თემურ გორგაძეს ექვსი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

თაღლითობა სიცოცხლის ფასად - კლინიკა „ლანცეტის" დირექტორი ციხეში ჩასვეს

რის გამო შეუცვალეს ბრალდება დეპუტატ თემურ გორგაძეს>>>

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე ქრთამის აღების ფაქტზე 28 თებერვალს დააკავეს. მან საქართველოს მოქალაქეს შეწყალების კომისიის საშუალებით ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით 7 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. მოგვიანებით მის ბრალდებას კვალიფიკაცია შეეცვალა.

„საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ თ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა", – აღნიშნულია განცხადებაში.

გორგაძეს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.