საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ერთა ლიგაში ყაზახეთს მოუგო

უეფას ერთა ლიგის ექვსს მატჩში საქართველოს ნაკრებმა 18 შესაძლო ქულიდან 16 ქულა დააგროვა
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა თბილისში ანგარიშით 2:1 მოუგო ყაზახეთის გუნდს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში.

მატჩის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 59-ე წუთზე მასპინძელი წინ გაიყვანა გიორგი მერებაშვილმა, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით დაასრულა. ბელგიის „გენტის“ ნახევარმცველმა ინდივიდუალური ოსტატობა აჩვენა - მოუგო ყაზახეთის ორ მცველს და ნეპოხოდოვის კარის შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა. მეკარე უძლური აღმოჩნდა. საგოლე პასი ჩაკვეტაძეს ვაკო კაზაიშვილმა მისცა.

დარჩენილ დროში ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს, რომელიც 90-ე წუთზე ორალჰან ომირტაევმა გაიტანა.

ვლადიმირ ვაისი: მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

ვლადიმირ ვაისის აღსაზრდელები „D ლიგაში“ პირველი ჯგუფის უპირობო ლიდერები გახდნენ. უეფას ერთა ლიგის ექვსს მატჩში საქართველოს ნაკრებმა 18 შესაძლო ქულიდან 16 ქულა დააგროვა - ხუთი გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე გასვლაზე ანდორასთან (1:1).

მეტიც, საქართველომ თითქმის იდეალურად ითამაშა დაცვაში და ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველად მოუგო ყაზახეთს თბილისში. მანამდე ორივე მატჩი ფრედ დასრულდა - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შერჩევაში 0:0, ხოლო 2016 წლის ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიში 1:1 იყო.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ სტადიაზე საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე გახდა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. ტურნირის ისტორიაში სწორედ ჩაკვეტაძე არის პირველი გოლის ავტორი. და სწორედ „გენტის“ ნახევარმცველმა გახსნა ანგარიში სექტემბერში გასვლით თამაშში ყაზახეთის წინააღმდეგ (2:0).

საქართველოს გარდა „D ლიგის“ კიდევ ერთი ნახევარფინალისტი გახდა ცნობილი  - ეს ბელარუსის ნაკრებია, რომელმაც მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ორი დარჩენილი ვაკანტური ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კოსოვო და აზერბაიჯანი (მესამე ჯგუფი) და მაკედონია და სომხეთი (მეოთხე ჯგუფი).