თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საბანკო დავალიანებას იმ მოქალაქეებს დაუფარავს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან შესული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
„შავ სიაში“ შედიან ადამიანები, რომლებიც დროულად არ ფარავენ საბანკო დავალიანებებს, რა დროსაც გროვდება დიდი ჯარიმები და ვალის მთლიანი მოცულობა იზრდება.
ცოტაცა, რაა... არა! ანუ НАДО, ФЕДЯ, НАДО!>>>
„შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2 ათას ლარს. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების დავალიანებაზე, რომელიც ჯამში შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდ-ნახევრიანი დავალიანება უნულდება ჩვენ მომხმარებელს", – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის დაამატა, რომ აღნიშნულ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასამდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეც.
600 ათასი მოქალაქის ვალების განულების შესახებ შეთანხმება კერძო ბანკებთან უკვე მიღწეულია, თუმცა, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ჯერჯერობით ეს შეღავათი ვერ გავრცელდება იმ მოქალაქეთა მიმართ, ვისაც ვალი მევახშეებთან დაუგროვდა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეების მიერ უსამართლოდ დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა და იმედი გვაქვს, რომ შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ… ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი, დაძლეულ იქნას. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეს და ვალების მომსახურების კოეფიციენტი ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას გაუტოლდეს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
გაძვირებული ცხოვრება და საშემოდგომოდ დათვლილი სიღარიბე...>>>
ბახტაძის სიტყვებით, ამ პროექტზე მუშაობა მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები გაიმართა.
„ჩატარდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებობა“, - განაცხადა ბახტაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკიდან 2013 წელს წავიდა, აქტიურ პოლიტიკაში მიმდინარე წლის მაისში დაბრუნდა. მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ივანიშვილმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რომლის გამოც მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა, მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების წინაშე საზოგადოების დავალიანების არსებობა.
ბანკების მუშაობითა და მაღალი საკრედიტო პროცენტებით ბახტაძე უკმაყოფილო იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა (2017 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით).
„ეს პრობლემა წლების მანძილზე ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას და დღეს თითქმის 700 ათასი ჩვენი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას. ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ამაზე ვსაუბრობდი მეც ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და შემდეგ მთავრობის სხდომაზე დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა მან.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საბანკო დავალიანებების შესახებ საუბარი იყო გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის კვლევაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გასაჯაროვდა.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. ამის ნათელი დასტურია UNICEF-ის ბოლო კვლევა, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს მათ შორის ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე“, - აღნიშნა ბახტაძემ.
როგორც პრემიერი განაცხადა, მისთვის და მისი გუნდისთვის ადამიანი იყო და იქნება მთავარი ღირებულება.