თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობა გაიხსნა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ შესაძლო წყალდიდობების შემთხვევაში ნაგებობა მზად იყოს გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა - როგორც წყლის დონის, ისე ნაკადის რეგულირებისათვის, რათა სტიქიური უბედურებების დროს ქალაქი ფოთი და მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს. იგი აგებულია 1959 წელს და ფაქტობრივად სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მას სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი, რაც განახორციელა კომპანია „მელიორაციამ“. ეს მნიშვნელოვანი საქმეა ქალაქ ფოთისთვის და მიმდებარე სოფლებისათვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
კერძოდ, სამუშაოები ჩაუტარდა სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვალა ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები; გარემონტდა წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. ობიექტის მთელს ტერიტორიაზე აქტიური სამუშაო პროცესები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რეაბილიტაცია შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა, რაზეც 1 336 000 ლარი დაიხარჯა.
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობის გახსნას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ადგილობრივი თვითმართველობისა და სამინისტროების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაია ცქიტიშვილის თქმით, სამინისტრო ფოთში ბევრი პროექტის განხორციელებას აპირებს, მათ შორის არის გენერალური განვითარების გეგმა, რომლის შემუშავებაც უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია ფოთის ხიდის რეაბილიტაცია.