უცხოეთში საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

სახელმძღვანელო მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმძღვანელო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე.

ქართულმა დიასპორამ მშობლიური ენა უნდა იცოდეს - მთავრობის ახალი ინიციატივები

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ჩვენს ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკვირაო სკოლებში იხელმძღვანელონ უცხო ქვეყნისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოთი, რომელიც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას იყვნენ ჩართული ყველა იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც  საქართველოში ხორციელდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე  და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე.

2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი  „ერთიანი ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

სალომე ზურაბიშვილი: დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს >>

ქვეყნებში, სადაც ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ფუნქციონირებს საკვირაო სკოლები, სადაც მშობლიური ენა, ისტორია, კულტურა და ტრადიციები ისწავლება.

საქართველოს მთავრობა დიასპორასთან ურთიერთობების მხარდასაჭერად ბევრ პროგრამას ახორციელებს. ერთ-ერთი პროექტია - ქართული ენის ონლაინ-შესწავლა, ქართველი თანამემამულეების შვილებისთვის საქართველოში დასვენების შესაძლებლობა, ბიბლიოთეკებში ქართული განყოფილებების გახსნა.