პოლიცია გორის პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს მეორე დღე ეძებს

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი, სადაც სამართალდამცველებთან ერთად, ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: ბრალდებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია

ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, გორში მიმდინარე წლის ოქტომბერში მომხდარი ნანა ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი მიუთითა.

ნანა ბერიაშვილი გორში 25 ოქტომბერს ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე, რომელიც მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას პარასკევიდან აქვს გადაკეტილი, სადაც სამართალდამცველებთან ერთად, ბერძნიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. სამძებრო სამუშაოებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში მოკლული გოგონას საქმეზე ინფორმაციას აღარ გაასაჯაროებს >>

იაგო ნებიერიძის სახაზინო ადვოკატი, მაია გრიგოლიშვილი, ამბობს, რომ მას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული და საკითხის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრეს.
„მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა მტკიცებულებებია საქმეში, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ხელწერილი მაქვს, არ გავამჟღავნო საქმესთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია,“ - განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა.


წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.
იაგო ნებიერიძე 2004 წელს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა მაშინ მას ბრალი არ დაუმტკიცდა და ის საპატიმროში 2008 წელს ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 18 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ვადა 17,4 წლამდე შეუმცირა. გარდა ამისა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი „ამნისტიის შესახებ" მიიღო, რომლის თანახმად, ნებიერიძის პატიმრობის ვადა 10 წლამდე შემცირდა. 2016 წელს კი კომისიამ პრეზიდენტს ნებიერიძის შეწყალების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია წარუდგინა.