საქართველოს პირველი ლედი ოდრი ჰეპბერნს შეადარეს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე საზოგადოების ყურადღებას თავისი სტილით, ელეგანტურობით იპყრობს.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა ფოტოგრაფმა და დიზაინერმა ირმა შარიქაძემ საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას სტილი პარიზში მიღებაზე ლეგენდარული მსახიობის ოდრი ჰეპბერნის სტილს მიამსგავსა და მის სამოსს ელეგანტური არჩევანი უწოდა.

გიორგი მარგველაშვილის მეუღლე პრეზიდენტთან ერთად პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრებოდა. ყოფილმა მსახიობმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღფრთოვანებული გამოხმაურებები დაიმსახურა.

ღონისძიებებზე პარიზში მაკა ჩიჩუა დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ელეგანტურ შავ კაბებსა და კრემისფერ პალტოში ბრწყინავდა.

„მიმაჩნია, რომ ეს ძალზე ელეგანტური იყო. ის ძალიან გამოირჩევა თავისი ელეგენტური გემოვნებით. ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სწორი კაბაა. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერის დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ, ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ მიღებაზე კლასიკური, შავი, ელეგანტური კაბა ოდრი ჰეპბერნის სტილში სწორი გადაწყვეტილება იყო და პირველი ლედი ძალიან მაღალ დონეზე წარდგა", – განაცხადა შარიქაძემ.

მისი თქმით, ის იცნობს მაკა ჩიჩუას და იცის, როგორ უჭერს პირველი ლედი მხარს შემოქმედ ადამიანებს.

„ვიცი, რომ ძალიან ხშირაც იცვამს დათუნა სულიკაშვილის სამოსს. ის ჩემი მეგობარია და ვგულშემატკივრობ. მიხარია, რომ ჩვენი პირველი ლედი ქართველ დიზაინერებთან იცვამს", – აღნიშნა შარიქაძემ.

მაკა ჩიჩუა პირველი ლედი 2014 წელს გახდა, მარგველაშვილის ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ. მათ ქორწილში მოწმეები მათი შვილები იყვნენ პირველი ქორწინებიდან. ჩიჩუამ და მარგველაშვილმა ერთმანეთი შვილების მეშვეობით გაიცნეს – მაშო ჩიჩუა და ანა მარგველაშვილი ბავშვობიდან მეგობრობენ.

პირველი ლედი პოლიტიკით არასდროს ყოფილა დაკავებული. მან დაამთავრა სამხატვრო აკადემია, გადაღებულია კლიპებსა და მხატვრულ ფილმებში, მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებში, მუშაობდა წამყვანად და გრიმიორად ტელევიზიაში. ამჟამად ქველმოქმედებას ეწევა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარება.

ჩიჩუასა და მარგველაშვილს 2015 წელს შეეძინათ ვაჟი თეიმურაზი, ხოლო 2018 წელს - მეორე ვაჟი თომა.