აფეთქება ფონიჭალაში: კორპუსის ნანგრევებში დედა-შვილს ეძებენ

უბედური შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ზემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში - დაშავებულთა შორის ერთი ჩვილი და ერთი მცირეწლოვანია>>>

უბედური შემთხვევა ზემო ფონიჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

მეტეხის ქუჩაზე სახლის ნაწილი ჩამოინგრა

აფეთქების შედეგად დაშავებულია ოთხი ადამიანი. დაშავებული 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.

„აფეთქების შედეგად მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა მეორე სართულზე ჩამოვარდა. ჩვენი ინფორმაციით, მეორე სართულზე, სადაც სამშენებლო ფილა ჩავარდა, იმყოფებოდნენ დედა-შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან. ეს სამშენებლო ფილა არის რთული კონსტრუქცია, უნდა მოხდეს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და მისი აწევა", – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.