აფეთქება ფონიჭალაში: კორპუსის ნგრევის შედეგად დაზარალებულებს მერია დაეხმარება

არსებული მდგომარეობის გასაცნობად შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ხუციშვილი მივიდნენ.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალაში სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებული მოსახლეობა სხვადასხვა მისამართზე იქნება გადაყვანილი, რასაც გამგეობა და დედაქალაქის მერია უზრუნველყოფენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შემთხვევის ადგილზე.

აფეთქება ფონიჭალაში: კორპუსის ნანგრევებში დედა-შვილს ეძებენ>>>

უბედური შემთხვევა ზემო ფონიჭალაში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე და მეოთხე სართულებზე ნგრევა გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაშავებულია ოთხი ადამიანი. დაშავებული 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში – ვიდეო

„სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია მოსახლეობა. ისინი გადაყვანილი იქნებიან სხვადასხვა მისამართზე, რასაც გამგეობა და დედაქალაქის მერია უზრუნველყოფენ. ასევე შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ  კორპუსში სამომავლო ცხოვრება. თუ დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ამას ადგილობრივი მთავრობა აიღებს თავის თავზე. ვისაც დასჭირდება, ყველას დავეხმარებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ეძებენ. სამძებრო ოპერაცია შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, აფეთქების ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რაშიც შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული.