პრემიერი: რა შემთხვევაში შეიძლება ამუშავდეს მინდელის შახტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მინდელის შახტის იმ უბნებზე, რომლებზეც ექსპერტების დასკვნა პოზიტიური იქნება, მუშაობა განახლდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეებთან შეხვედრაზე.

გერმანელი და ქართველი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებას შეისწავლიან

ტყიბულის შახტებში არსებული ვითარების შესწავლა  გერმანული კომპანია DMT Group-ის ექსპერტებმა ნოემბერში დაიწყეს. უცხოელი ექსპერტების მოწვევის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ იქნა მიღებული.

5 აპრილს, დაახლოებით 03:30 საათზე ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც შახტის ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის ექვსი თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ. მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია ექვსი პირი, სასამართლომ ისინი პატიმრობაში დატოვა.

„დეკემბერში იქნება საკმაოდ მაღალკვალიფიციური საინჟინრო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შახტებში და იმ უბნებზე, სადაც შესაბამისი პოზიტიური დასკვნა იქნება, აუცილებლად შახტები განაახლებენ ფუნქციონირებას და ეს სამუშაო ადგილები აუცილებლად იქნება ტყიბულში“, – მამუკა ბახტაძემ.

სასამართლომ ტყიბულის ტრაგედიაზე დაკავებულ ექვსივე პირს გირაოზე უარი უთხრა

 მამუკა ბახტაძის თქმით, ნახშირის მოპოვების სექტორს პროგნოზირებადობა და მდგრადობა სჭირდება. საწარმოს კი უნდა ჰქონდეს განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმოს ფუნქციონირება მდგრადი ვერ იქნება.

პრემიერ-მინისტრმა მეშახტეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან ტყიბულში დაიწყება ტექსტილის ახალი ქარხნის მშენებლობა, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება პირველ ეტაპზე 5 მილიონი აშშ დოლარია და მას „საპარტნიორო ფონდი" ჩინელ ინვესტორებთან ერთად განახორციელებს.

„ქალაქი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ დამსაქმებელზე... ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილები შეიქმნება. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი მსხვილი დამსაქმებელი გაჩნდება, მის მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები ქალაქის უკეთ განვითარებაზე აისახება. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტყიბულში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის შეხვედრას მეშახტეებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.