საქართველო მზადაა რუსეთს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჰაკერი გადასცეს

საქართველოს მთავარი პროკურატურა რუსეთისგან 28 წლის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას ელოდება.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ინტერპოლით ძებნილი რუსეთის მოქალაქის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიცია, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, ჰაკერია, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის შესრულების შემდეგ მოხდება, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

თბილისში რუსი ჰაკერი დააკავეს>>>

იაროსლავ სუმბაევი თბილისში ამ დღეებში დააკავეს. საქართველოში სუმბაევს ბრალი წარედგინა სსკ-ის ორი მუხლით: 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება). ბრალდებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ექსტრადიციის შესახებ" ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, ი.ს.-ს დაკავებიდან 40 დღის შემდეგ მთავარ პროკურატურას უნდა წარედგინოს მისი ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა და საექსტრადიციო მასალები. აღნიშნული მასალების მიღების შემდეგ მთავარი პროკურატურა მათ შეისწავლის და იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებისა და ეროვნული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, იგი საქალაქო სასამართლოს ი.ს.-ის ექსტრადიციის მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართავს", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქის გათავისუფლებაზე სასამართლომ უარი თქვა

ინტერპოლის ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, 28 წლის სუმბაევს ბრალად ედება დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ძარცვა. რუსეთში სუმბაევს და კიდევ 28 პირს ბრალი ედება „რუსეთის რკინიგზის" და ავიაკომპანია S7-ის ბილეთების ფიქტიურ დაბრუნებაში, რითიც მათ 2013-2014 წლებში 17 მილიონი რუბლი (250 ათას დოლარზე მეტი) მიითვისეს.

მეტიც, ამ თაღლითური სქემის გახსნას უკავშირებენ 10 ოქტომბერს მომხდარ ევგენია შიშკინას მკვლელობას, რომელიც რუსეთის შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი იყო. გამომძიებლის ცხედარი მის სახლთან ახლოს იპოვეს.

მანამდე რუსეთის მასმედია იუწყებოდა, რომ სუმბაევი რუსეთიდან მონტენეგროში გაიქცა.