ქართველი ფეხბურთელები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადებიან

ნიკა კვეკვესკირი საუბრობს საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მიზნებზე ანდორისა და ყაზახეთის წინააღმდეგ მატჩებში.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ანდორაში იმყოფება, სრული შემადგენლობით განაგრძო მზადება უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თანაგუნდელებს სხვებზე გვიან შეუერთდნენ კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი (ორივე ყაზახური „ტობოლას" მოთამაშე), ასევე მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი საბა კვერკველია.

კანკავა, რომელმაც ლატვიის წინააღმდეგ მატჩში მცირე დაზიანება მიიღო, მთელი დატვირთვით ვარჯიშობს და ორივე მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

„პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ მეოთხე ლიგაში მყოფ 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ჩვენთვის სასურველ კალათში მოვხვდეთ და ასევე რეიტინგი გავიუმჯობესოთ... უეფას ერთა ლიგაზე ჩვენი სურვილია, რომ ჯგუფური ეტაპის ექვსივე თამაში მოვიგოთ და გოლი არ გავუშვათ", – განაცხადა კვეკვესკირმა, იუწყება სფფ-ის პრეს-ცენტრი.

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური სტადიის მეხუთე გასვლით თამაშს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ანდორის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

დასკვნით მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახელ ფეხბურთელებს თბილისში უმასპინძლებს.

ტურნირის ოთხ საწყის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა, თავის კვარტეტში ვადამდე დაიკავა პირველი ადგილი და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა და უეფას ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში კლასში ამაღლება გაინაღდა.