მარნეულში საჭმლის დაგვიანების გამო ქმარი ცოლს 4 საათის განმავლობაში სცემდა

მოძალადე ქმარს სასამართლომ შვიდი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცოლის წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.

ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა და დედამთილმა სცემეს

„მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, იმის გამო, რომ მეუღლემ - ლ.ბ.-მ დროულად არ მიუტანა საჭმელი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით სცემა მას, ხოლო როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იგი იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუტებით შეუბოჭა, რა დროსაც ლ.ბ.-ს წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქალი შებოჭილ მდგომარეობაში დაახლოებით ოთხი საათი იმყოფებოდა და ქმარი ამ დროის განმავლობაში მას ფეხებით და ხელებით სცემდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) მიმდინარეობდა.