საქართველოს მთავრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დახმარებას გაზრდის

მთავრობა აუტიზმის მქონე ბავშვების ადრეული განვითარების პროგრამის ბენეფიციარების ასაკის 15-დან 18 წლამდე გაზრდის შესაძლებლობებს სწავლობს
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2019 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდის სოციალურ პაკეტს მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (შშმ). ეს საკითხი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შშმ პირებთან შეხვედრაზე განიხილეს.

საქართველოში დღესდღეობით მეორე ჯგუფის შშმ 75 ათასი ადამიანია. პირველი იანვრიდან ეს ადამიანები 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ მიმართულების განვითარებისთვის გვაქვს გარკვეული რესურსები გამოყოფილი, იზრდება სოციალური პაკეტიც, თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და მეტია გასაკეთებელი", - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საჭიროა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა და ევროპული მოდელის დანერგვა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რაც ამ მიმართულებას უფრო ინკლუზიურს გახდის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს შშმ პირების მიმართ არსებული პოლიტიკა და შემდგომი მოქმედებების გეგმა, რომელიც განახლებას საჭიროებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

თბილისში პირველად ტარდება შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

„მე და ფინანსთა მინისტრს მოგვეცა დავალება, გამოგვენახა ფინანსური რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტის, ანუ პენსიის 20 ლარიანი ზრდისთვის. ამისათვის დაახლოებითი ბიუჯეტი 17 მლნ ლარია", - განაცხადა სერგეენკომ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს - აუტისტი ბავშვების ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ დიდ ქალაქებში და მასში ჩართვა შეეძლოთ მხოლოდ 15 წლამდე ბენეფიციარებს.

„უნდა გაკეთდეს გათვლები, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს პროგრამა და ბენეფიციართა ასაკი გაიზარდოს 18 წლამდე. ამის ბიუჯეტი დაახლოებით გათვლილი გვაქვს, თუმცა დავაზუსტებთ", - აღნიშნა სერგეენკომ.

საქართველოში დარეგისტრირებულია 124,5 ათასზე მეტი შშმ პირი, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ. აქედან 25 ათასზე მეტია აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (პირველი ჯგუფი), 75 ათასზე მეტია - მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მეორე ჯგუფი) და 14 ათასამდე - ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (მესამე ჯგუფი). შშმ პირები 18 წელს ქვევით 9,5 ათასზე მეტია.