ორი ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

უწყების ცნობით, გამოძიების ობიექტურად წარმართვისთვის, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგი ხორციელდება
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ტიტული მიიღო კესარია აბრამიძემ ბარსელონაში და რა მოხდა რეალურად კონკურსზე

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 12 ნოემბრის ღამეს თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ინფორმაცია ორ ტრანსგენდერზე ძალადობის შესახებ პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ" გაავრცელა. მათი განცხადებით, შვიდამდე თავდამსხმელმა ტრანსგენდერებს დაზიანებები სახისა და თვალის არეში მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულებმა ტვინის შერყევა მიიღეს.

მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი ბრალდებული პირი თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაზარალებულებს, უწყების ცნობით, ორივე მათგანს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.