რა ცვლილება უნდა შევიდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში

ცვლილებების პროექტი სახელფასო შემოსავლის 35%-იანი დანამატის დაწესებას  მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები 4800 ადამიანისთვის ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირთა წრე, შესაძლოა, გაფართოვდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი მოამზადეს,  რომლის თანახმადაც ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა ის წრე უნდა გაფართოვდეს, რომლებიც დღესდღეობით იმ შეღავათით ვერ სარგებლობენ, რითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები სარგებლობენ.

მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება

ცვლილებების პროექტის თანახმად, სოციალური შეღავათი უნდა ჰქონდეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებულ იმ პირებს, ვისთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ეს პირები (4800 ადამიანი) სახელფასო შემოსავლის ოდენობის 35%-იან დანამატს მიიღებენ.

კანონპროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ცხოვრების დონის ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, აგრეთვე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს >>

სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირების წრის გაზრდა პირდაპირ შეუწყობს ხელს, მაღალმთიან დასახლებებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემის გადაჭრას, აღნიშნული დაწესებულებების ფუნქციების უკეთ განხორციელებას და ამით მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, რაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს, ნათქვამია დოკუმენტში.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში განსახორციელებელი  ცვლილებების ინიცირება პარლამენტში ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.