თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველო გადარჩება, ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, იუწყება პირველი არხი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
„ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილას, წმინდა მიწაზე ჩვენ ვდგავართ, ასი ათასი ქართველის სისხლზე. შევევედროთ უფალს, რომ უფალმა ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება. საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – აღნიშნა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე სავედრებელი პარაკლისი შეასრულა.
100 000 მოწამისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და პარაკლისს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობაზე ისაუბრა და ამ იდეით კახა კალაძეს მიმართა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ასი ათასმა ქართველმა სწორედ აქ გასწირა თავი თავისი სამშობლოსთვის, თავისი რწმენისთვის
„ჩვენ, მათ შთამომავლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ქრისტეს გზამ და ჩვენმა რწმენამ შემოგვინახა ჩვენი ქართველობა, ჩვენი სამშობლო. ჩვენი უწმინდესის და ქართული ეკლესიის ძალიან დიდი ღვაწლის შედეგად, ძალიან მიხარია, რომ ყველა ქართველი დღეს გრძნობს, თუ როგორი დიდი გმირების შთამომავლები ვართ ჩვენ. დღევანდელი დღე არის სიმბოლო ქართული ხასიათის, ჩვენი რწმენის სიმტკიცის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ, სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.