ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან

ზურაბიშვილის განცხადებით, ამ მოქმედებებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობისა და შუღლის გარემოს შექმნისთვის.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო შეტყობინება შვილების მოკვლის მუქარით.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 9, 10 და 11 ნოემბერს მას და მის შვილებს – თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს გაეგზავნათ მოკლე ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

„სხვადასხვა უხამსი სიტყვებით სამივეს მიმართულებით გაჟღერდა: „შუბლს გაგიხვრიტავ", „თქვენს სისხლს დავლევ!" მუქარა რეალურია", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, მუქარის ავტორები იდენტიფიცირებული არიან და ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული სამხედრო პირები არიან.

„ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალის სახელით, იმ ძალის, რომელიც ქართული ვაჟკაცობის, ღირსების სიმბოლოა", – აღნიშნა მან.

ზურაბიშვილის განცხადებით, ამ მოქმედებებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში დაძაბულობისა და შუღლის გარემოს შექმნისთვის, რაშიც მონაწილეობენ ერთი პოლიტიკური ძალის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და მათი მხარდამჭერები.

საპრეზიდენტო კანდიდატმა დაამატა, რომ მან რეაგირებისთვის უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს, რათა დროულად იქნას აღკვეთილი ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ.