რა შეღავათები იგეგმება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის

ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქტიული ასაკის ქალების სიკვდილიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მთელი საქართველოს მასშტაბით ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები სამკურნალო მედიკამენტებს „პერჯეტას“ და „ჰერცეპტინს“ 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ, ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ აქცია-მარათონი გაიმართება>>>

უწყების ცნობით, ამ დრომდე აღნიშნული შეღავათებით მხოლოდ ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (I, II, III) მქონე პაციენტები სარგებლობდნენ.

„მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამაში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

როგორ ავიცილოთ თავიდან მკერდის კიბო

უწყების ინფორმაციით, დაავადების სამკურნალო მედიკამენტი „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას. მისი ღირებულება ერთ პაციენტზე წლიურად 72 ათას ლარს აღემატება. ძუძუს კიბოს სამკურნალო პროგრამის ფარგლებში კი, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან დაიწყო, პაციენტები მედიკამენტებს 80%-იანი თანადაფინანსებით იღებენ, რაც წლიურად ერთი პაციენტისთვის 6 ათასამდე ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.

პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს" ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქტიული ასაკის ქალების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1,5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება გახდა საქართველოში. ლეტალური დასასრულის მიზეზი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა. დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს კვლევების ჩატარებას.