მუქარა ზურაბიშვილის მისამართით: შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-ს განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება ინტენსიურად წარიმართება.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მუქარისა" და „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის" მუხლებით, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ზურაბიშვილი: შვილების მოკვლით მემუქრებიან>>>

ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები მოკლე ტექსტურ და ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიან და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

გახარია პირადად გაუწევს კურირებას უსაფრთხოებას არჩევნებზე

„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ბორცვაძის განმარტებით, ზურაბიშვილმა უწყებას განცხადებით 10 ნოემბერს მიმართა და აცნობა, რომ მას და მის შვილებს ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები ემუქრებიან.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა გაიმართება. გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.