თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ - ამ სახელწოდების პროექტის განხორციელება აჭარის მთავრობამ დღეს დაიწყო, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პროექტი ბათუმის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ახალი სკვერების მოწყობას და გამწვანებით ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს.
„მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მწვანე სივრცეების მოწყობაში თანამონაწილეობა. პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, ახალგაზრდა თაობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. ასეთი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ შევუქმნათ ჩვენს შვილებს უკეთესი გარემო, მწვანე ქალაქი“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
თამარის დასახლებაში მწვანე სივრცისათვის შერჩეულ ტერიტორიაზე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ხე-მცენარეები ბავშვებთან ერთად დარგეს. თითოეული ნერგი სახელობითი იქნება, რაც პროექტისადმი ინტერესს მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით ზრდის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ამ ეტაპზე თამარის დასახლებაში 100-მდე მარადმწვანე, ბუჩქოვანი და ყვავილოვანი ნერგი დაირგო.
როგორც თორნიკე რიჟამაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა გრძელვადიანი პროექტია და ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანს მოიცავს.
ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლიდან ახალი მწვანე სივრცეების მოსაწყობად 3000-ზე მეტი ნერგია გათვალიწინებული.