კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას გამოეხმაურა

კახა კალაძის განცხადებით, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ ქალაქისთვის და თბილისელებისთვის საინტერესო პროექტი განხორციელდეს.
Sputnik

თბილისი, 11  ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერი, კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლიც 100 000 მოწამის სახელზე ეკლესიის აშენებას გულისხმობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრიარქმა კალაძეს 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობა შესთავაზა

კალაძის განცხადებით, უწმინდესის სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავს. მან პატრიარქის ინიციატივას საინტერესო უწოდა.

„ჩემთვის ბევრს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები და საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქისთვის და თბილისელებისთვის საინტერესო პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძრის ან ხეივნის მშენებლობის შესახებ, საკვირაო ქადაგებაზე, დღეს დილით ისაუბრა.

პატრიარქის განცხადებით, სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი.